„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშით, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა, ოპოზიციური პარტიების კანდიდატების შევიწროების სავარაუდო შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება, მთავარი გამოწვევაა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ 2021 წლის 1 ივნისიდან 25 სექტემბრამდე განხორციელებულმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია.

მათივე ცნობით, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის, სამსახურიდან გათავისუფლების და ოპოზიციური პარტიების კანდიდატების შევიწროების სავარაუდო შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება, ასევე, საჯარო ინსტიტუტების პოლიტიზება და მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა საარჩევნო კამპანიისთვის მასშტაბური მობილიზება, ასევე საბიუჯეტო პროგრამების ვიწროპარტიული მიზნით გამოყენება და სხვა მანკიერი ტენდენციები სამართლიანი საარჩევნო გარემოსთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.

ამასთან, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გამოდის ინიციატივით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საგამოძიებო ორგანოებმა მაქსიმალურად სწრაფად და მიუკერძოებლად უნდა გამოიძიონ არჩევნებში ჩართული მხარეების წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ძალადობის, ზეწოლის და სხვა დანაშაულის ნიშნების შემცველი საქმეები, შინაგან საქმეთა სამინისტრო პროაქტიულად და ოპერატიულად უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას, არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეებზე გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ და ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მასშტაბური სოციალური პროგრამების ინიცირებისგან, რათა ზიანი არ მიადგეს საარჩევნო სუბიექტებს შორის ჯანსაღ კონკურენციას.

“აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება: 2021 წლის ივნისიდან რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ შექმნილი პარტიის „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ან/და მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ. აგვისტო-სექტემბერში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ არაერთი მსგავსი ფაქტი შეისწავლა და 17 პირის შემთხვევაში გამოიკვეთა პოლიტიკური ნიშნით შევიწროების გარკვეული ნიშნები;

სექტემბრის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა, არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია საუბრობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების მხრიდან მათ საარჩევნო სიებში მყოფი პირების და მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ განხორციელებული ზეწოლის სავარაუდო ფაქტების შესახებ, რომლის მთავარი მიზანი, მათი აზრით, მმართველი პარტიისთვის კონკურენტების ჩამოშორება იყო. ასეთი ცნობების სიმრავლით პარტია „საქართველოსთვის“ გამოირჩეოდა, რომლის წარმომადგენლების განცხადებით, ასპინძაში, ახალქალაქში, ახმეტაში, ახალციხეში, მარნეულში, ყაზბეგში, ხელვაჩაურში, თეთრიწყაროში, წალენჯიხაში, ტყიბულში, ნინოწმინდაში, ადიგენში, კასპში, წყალტუბოში 22 ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მსგავს შემთხვევებზე საუბრობდნენ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებიც. თუმცა, მათი თქმით, რეგისტრაციიდან მოხსნილ პირებს შიშის გამო საუბარი და ასეთი ფაქტების დადასტურება არ სურთ, შესაბამისად, მათი ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელი იყო. მხოლოდ აჭარაში პარტია „საქართველოსთვის” ორმა კანდიდატმა და სამტრედიაში „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთმა კანდიდატმა ისაუბრა საჯაროდ განხორციელებულ ზეწოლაზე, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პირებმა გამოკითხვის დროს უარყვეს ზეწოლის ფაქტი;

სექტემბრის მეორე ნახევარში დმანისსა და რუსთავში 2 ძალადობრივი ინციდენტი დაფიქსირდა, რომლის დროსაც ჭრილობები და დაზიანებები მიაყენეს ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს. პოლიციამ დმანისის შემთხვევაში მოძალადე მალევე დააკავა, რუსთავში მომხდარ ფაქტზე კი გამოძიება მიმდინარეობს;

აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთში მხარის რწმუნებულმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამხარეო ხელმძღვანელებმა ადგილობრივ ბიზნესმენებს სავარაუდოდ დაავალეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ფულის შეწირვა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2-16 აგვისტოს პერიოდში მმართველ პარტიას სამცხე-ჯავახეთიდან 87-მა ფიზიკურმა და 5-მა იურიდიულმა პირმა ჯამში 714,000 ლარი შესწირა. ასეთ მოკლე დროში, ერთი გეოგრაფიული არეალიდან განხორციელებული შემოწირულებების ეს ოდენობა საკმაოდ უჩვეულოა და შესაძლოა წარმოადგენდეს გავრცელებული ინფორმაციის არაპირდაპირ მტკიცებულებას. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ტელეკომპანია „პირველის” ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტებთან საუბარში შემომწირველების ნაწილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, ზემოთ ნახსენები შეხვედრები და გარემოებები.

არჩევნებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის ნიშნების შემცველ სავარაუდო ფაქტებზე მიღებული ზომების, მათ შორის დაწყებული გამოძიებების შესახებ სრული ინფორმაცია არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც გენერალურ პროკურატურას არ გაუვრცელებია. არჩევნებში ჩართულ მხარეებს ცალკეული ინფორმაციის მიღების საშუალება მხოლოდ იუსტიციის სამინისტროსთან შექმნილი „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი” კომისიის სხდომებზე ჰქონდათ.

ივნისსა და ივლისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი ახალი წევრის შერჩევის ყველა ეტაპი ისე წარიმართა, რომ მმართველმა პარტიამ უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით თანამდებობებზე მისთვის სასურველი ისეთი კანდიდატურები დაამტკიცა, რომლებსაც ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონდათ.

სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება: 2021 წლის 28 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, კანონში შევიდა რამდენიმე ისეთი უარყოფითი დებულება, რამაც რეფორმის მნიშვნელობა დააკნინა და მმართველი პარტიის ინტერესებს მოარგო. კერძოდ, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესში გათვალისწინებულმა დროებითმა რეგულაციამ საპარლამენტო კენჭისყრებს შორის ვადები შეამცირა, რითაც შესაძლებელი გახდა, მმართველ პარტიას ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშე დაემტკიცებინა სასურველი კანდიდატები. კიდევ რამდენიმე დროებითმა რეგულაციამ კი ორ ოპოზიციურ პარტიას უსამართლოდ ჩამოართვა საარჩევნო კომისიებში წევრების დანიშვნის უფლება;

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონშიც განხორციელდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ”, რომელმაც საპარლამენტო მანდატზე უარი თქვა, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა. აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკანონმდებლო ცვლილება ვენეციის კომისიამ და ეუთო/ოდირმა უარყოფითად შეაფასა.

ინსტიტუციური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება;

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირები მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებს აქტიურად ესწრებოდნენ. ეს შემთხვევები საყურადღებოა იმ გარემოების გამო, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკური თანამდებობის პირებზე სამსახურებრივად დაქვემდებარებული არიან, შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ ისინი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში. ამით შესაძლოა ირღვეოდეს საარჩევნო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც „კრძალავს სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას”. საარჩევნო კამპანიისთვის საჯარო მოსამსახურეთა მსგავსი კონცენტრაცია, კანონის პირდაპირი დარღვევაც რომ არ იყოს, მინიმუმ იგი ხელს უწყობს საჯარო სამსახურის უკიდურეს პოლიტიზებას, რაც მიუღებელია;

გამოვლინდა სამსახურებრივი ნიშნით ზოგიერთ საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლებთან სააგიტაციო შეხვედრების ორგანიზების სავარაუდო შემთხვევები, რაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით კანონდარღვევას წარმოადგენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 5 ასეთ შემთხვევაზე შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრითაც მიმართა, თუმცა არც ერთი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნით გამოყენება: საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, ასევე, იგივე პერიოდში აკრძალულია სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა. საანგარიშო პერიოდში არ დაფიქსირებულა ცენტრალური ან ადგილობრივ ბიუჯეტის ისეთი ცვლილება, რომლითაც დაირღვეოდა საარჩევნო კოდექსის ზემოთ აღნიშნული რეგულაცია;

საანგარიშო პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” 10 სახელმწიფო პროგრამა/ინიციატივა გამოარჩია, რომელიც საარჩევნოდ მოტივირებულ ხარჯებად შეიძლება იყოს მიჩნეული“, – ნათქვამია ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, საბოლოო ანგარიში არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება.