ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე – რა რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს შიგნით თუ გარეთ, კანონი აღსრულდება

რა რეაქციაც არ უნდა ჰქონდეს ვინმეს შიგნით თუ გარეთ, კანონი აღსრულდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნების დაანონსებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ მოითხოვა ქართულმა მხარემ მისი ექსტრადირება წლების განმავლობაში და რატომ არ აღასრულა კანონი, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერს აქვს თავის დრო.

„საერთოდ, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით და პატივისცემით ვეპყრობით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მათ შორის, ანგარიშს ვუწევდით და ვუწევთ საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს. თუმცა, ეს გზა მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობისთვის არ არის, როცა სხვა მხარე არ უწევს ანგარიშს ქვეყანაში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, საერთაშორისო პოზიციას და მაინც ჯიუტად ცდილობს, რომ თავისი დანაშაულებრივი პოლიტიკა კვლავ გაამძაფროს, ამას ოდესმე ლოგიკური დასასრული ექნება. გამომდინარე აქედან, ახლა არჩევანი ამ ბილეთს როგორი ექნება, ციხისკენ იქნება ეს ბილეთი თუ მორიგი „ფეიკი“ იქნება, ამ ბილეთის გამომდებზე არის დამოკიდებული,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. მან სოციალურ ქსელში ნაყიდი ბილეთიც გამოაქვეყნა.