გიორგი ვაშაძე – რომ არ შეგეშინდეთ „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის, ამისთვის ვართ ჩვენ, მაგათ მოვუჭერთ „ოჟებს”

რომ არ შეგეშინდეთ „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის, ამისთვის ვართ ჩვენ, მაგათ მოვუჭერთ „ოჟებს” – ამის შესახებ „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „თავისუფალ სტუდია“ აღნიშნა, მათი პარტია ყველას თავის ადგილს მიუჩენს, მათ შორის „მიშასაც“

„“ქართულ ოცნებას“ უნდა, რაც შეიძლება მეტი ვისაუბროთ მიხეილ სააკაშვილზე. ერთ-ერთ მთავარ დამაშინებელ ფაქტორად, ის ხომ ამას იყენებს? – „დაბრუნდება სააკაშვილი და მთელი ამბავი მოხდება ქვეყანაში“. ყავაში მკითხაობასავით არის ჩამოვა, თუ არ ჩამოვა. თუ არ გინდათ პოლიტიკური კრიზისი და გინდათ სიმშვიდე, ნომერი ერთი შემოხაზეთ. ყველას თავის ადგილს მივუჩენთ, მიშასაც, იმასაც და ამასაც. არაფერი არ იქნება განსაკუთრებული. ჩვენ დასავლელ მეგობრებთან ერთად მშვიდად და წყნარად დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობას. რა გავაგრძელოთ, როდესაც არაფერი არ შენდება და კეთდება?!“,- აღნიშნავს ვაშაძე.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ოჟებს მოუჭერენ“ იმისთვის, რომ ქვეყანა წყნარად განვითარდეს.

„ხალხს ყველა არჩევნებზე „ნაცმოძრაობით“ და მიხეილ სააკაშვილით აშინებენ. რომ არ შეგეშინდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის, ამისთვის ვართ ჩვენ. ჩვენ უნდა დაგვიჭიროთ მხარი. ჩვენ მაგათ მოვუჭერთ ოჟებს, გავაკონტროლებთ, რომ მშვიდად და წყნარად განვითარდეს ყველაფერი“, – განმარტავს ვაშაძე.

ამასთან, გიორგი ვაშაძემ პირობა დადო, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხალხის ნებას დაემორჩილება.

„შემოხაზეთ პირველი ნომერი და ნამდვილად, ადამიანურ არჩევნებს ჩავატარებთ. არ იქნება პრობლემა. რა გახდა, ცივილურ ადამიანებად ხომ უნდა ვიქცეთ, ხომ არ შეიძლება პაპუასებად იქცეოდეს ნებისმიერი ხელისუფლება არჩევნებამდე. ჩემთვის მიუღებელია ამ ხელისუფლების და წინა ხელისუფლების მართვის სტილი და შინაარსი. გვინდა მთლიანად შევცვალოთ ეს ყველაფერი. დემოკრატიული არჩევნები უნდა იყოს. ყველა პოლიტიკურმა ძალამ ჩაატაროს კამპანია, ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე და თავისი არჩევანი გააკეთონ. ხან ერთი მოიგებს, ხან მეორე, ვისაც ხალხი დაუჭერს მხარს. მე პირობას ვდებ ყველას წინაშე, რომ რაც იქნება ხალხის ნება ამ არჩევნებზე, მე იმ ნებას დავემორჩილები. ასე მოვუწოდებ სხვასაც“,-აღნიშანვს ვაშაძე.