ეკა ხერხეულიძე – მეოთხე დღეა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა ხელისუფლებას არ ჰქონია

დღეს არ არის პირველი დღე, როდესაც სააკაშვილი არის თბილისში, უკვე მეოთხე დღეა, ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა ამ ჩამოშლილ, ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

ზერხეულიძე ფიქრობს, რომ ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე სააკაშვილის ციხეში ყოფნა.

„დავიწყოთ იმით, რომ ხელისუფლებამ დღეს აჩვენა სრული უსუსურობა. ადამიანს ეძებდნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, ამტკიცებდნენ, რომ აქ არ იყო, ჩვენ მათ ჯიუტად ვეუბნებოდით, რომ აქ იყო. მე მქონდა კომუნიკაცია და ვიცოდი, რომ აქ იყო, მიუხედავად ამისა, სააკაშვილი დაიჭირეს თბილისში. სხვათა შორის, კანცელარიასთან იყო გუშინ, ძალიან ახლოს. მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. დღეს მოახერხეს და დაიჭირეს. დღეს არ არის პირველი დღე, როდესაც სააკაშვილი არის თბილისში, უკვე მეოთხე დღეა, ის საქართველოშია და ამის შესახებ არანაირი ცნობა ამ ჩამოშლილ, ჩამორღვეულ ხელისუფლებას არ ჰქონია. ამიტომ გაცილებით დიდი პრობლემა მგონია, ვიდრე ის, რომ სააკაშვილი ციხეშია. ეს არის დროებითი ფაქტი და რა თქმა უნდა, მან ამის შესახებ იცოდა. ამის შესახებ გვისაუბრია ჩვენ, მიმართვაც გვქონდა გამზადებული და თქვენ ალბათ ნახეთ. ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლის გზა. ეს შეგნებულად გააკეთა ამ ადამიანმა. მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ის თვლის, რომ ხვალ არის რეფერენდუმი და არა რიგითი არჩევნები. თუ რეფერენდუმია, არც ერთ პატრიოტს არ აქვს უფლება, საზღვრის გარედან უყუროს ამ ყველაფერს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ხვალ ჩვენ მშვიდობიანად პოლიტიკური პოზიციები დავაფიქსიროთ და ნებისმიერ პარტიას მივცეთ ხმა, შეუზღუდავად, განურჩევლად, გარდა 41-ისა, რადგან ეს არის ქვეყნის განადგურება და დაღუპვის გზა. მიხეილ სააკაშვილი მარტო ბათუმში არ ყოფილა, ის იყო ქუთაისში. სხვა ლოკაციის თქმის უფლება მე მაქვს თუ არა, არ ვიცი. მაგრამ მისგან მაქვს ეს ნებართვა და გეუბნებით, რომ ქუთაისში როცა იყო და ამ საკითხს განვიხილავდით, მან თქვა, რომ შეგიძლია ამის შესახებ განაცხადოო. ის იყო ქუთაისშიც და სხვაგანაც. ამიტომ ესენი არიან ისეთ უბადრუკ დღეში, როგორი სახეწაშლილიც დღეს იდგა ღარიბაშვილი და რაღაცებს ბუტბუტებდა“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.