დავით ზალკალიანი: დაუშვებელია ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა

დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისსა და კიევს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შესამჩნევია.

„მათი პოზიცია გასაგებია, რადგან სააკაშვილი მათი მოქალაქეა. საელჩოს აქვს კომუნიკაცია, იყო კონტაქტი საელჩოს თანამშრომელთან, რომელიც უკრაინულ მხარეს მიაწვდის მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაციას. ინფორმაცია, რომელიც გუშინ პროკურატურამ გაავრცელა, მყისიერად იქნება მიწოდებული უკრაინელი მეგობრებისთვის. დარწმუნებული ვარ, მშვიდად, წყნარად, ჩვენ ყველა საკითხზე შესაბამისი განმარტებები გვექნება და ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან ისევე განვითარდება, როგორც აქამდე ვითარდებოდა და დაუშვებელია, ერთმა ადამიანმა მძევლად აიყვანოს საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვლადიმირ ზელენსკი მომხდარის გამო შეშფოთებულია.