ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ სააკაშვილი აქ არის ციხეში, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო – ნიკა მელია

მიხეილ სააკაშვილს ჩემგან პირადად მოკითხვა. რასაც არ უნდა ცდილობდნენ, ჩემსა და მას შორის შუღლი ჩამოაგდონ, არ გამოუვიდათ არასდროს და არც არასდროს გამოუვათ! – ამის შესახებ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იქნება.

„ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი აქ არის ციხეში, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. ეს არის ჩემი ადამიანური და მეგობრული ვალდებულება და ასეა ასიათასობით საქართველოს მოქალაქე. სანამ ეს ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და „ნაცმოძრაობას“, პარტიის სახელით გავაკეთებ მე. ამით გაუგებრობებს თავიდან ავირიდებთ. ორგანიზება და დისციპლინა ბრძოლაში, რომელიც არ არის სახუმარო, არის მნიშვნელოვანი. ბრძოლაში, რომლის შედეგმაც უნდა განსაზღვროს ამ ქვეყნის მომავალი მინიმუმ 15-20 წლის თავზე.

ვიღაცისთვის გულზე მჯიღის ცემა ადვილია, მაგრამ მნიშვნელოვანია შემართებასთან, მოტვიაციასთან, თავგანწირვასთან ერთად, ჭკუითაც ვაჯობოთ ამ ვერაგ მტერს, ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ჩასაფრებულია“, – განაცხადა მელიამ.