მნიშვნელოვანია, Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სავალდებულო გახდეს ბიზნესისთვის, სწორედ გარკვეული სავალდებულო ღონისძიებით შეიძლება, წავახალისოთ ვაქცინაცია – ეკატერინე ტიკარაძე 

ვაქცინაციის ტემპებისთვის მნიშვნელოვანია გარკვეული ირიბი რეგულაციები. რამდენიმე ბიზნესი უკვე აქტიურად ჩაერთო მწვანე და წითელი პასპორტის აპლიკაციის გამოყენებაში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ გარკვეული სავალდებულო ღონისძიებით შეიძლება ვაქცინაციის წახალისება.

„მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას. ამ კუთხით ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია ეს აპლიკაცია გახდეს სავალდებულო ყველა დაწესებულებისთვის და ყველა ბიზნესისთვის, რადგან სწორედ გარკვეული სავალდებულო ღონისძიებით შეიძლება, წავახალისოთ ვაქცინაცია. ჩვენ უკვე მზად გვაქვს ეს ინიციატივა, ამაზე ახლა საჭიროა ნება და თანხმობა. საერთოდ, მომხრე ვარ, რომ საზოგადოებას არ შეექმნას ზედმეტი დისკომფორტი, რადგან თითქმის ორი წელია, ისედაც რთულ ვითარებაში ვიმყოფებით, ეს კი საზოგადოების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს. მნიშვნელოვანია, რომ ეს აპლიკაცია პირველ რიგში, ამოქმედდეს ისეთ ბიზნესებში, რომელიც არ არის მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების და ეტაპობრივად, უკვე შემდეგ გადანაცვლდეს ისეთ ლოკაციებზეც, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მოქალაქეების პირველად საჭიროებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.