„სამება ბიძინას არ აუშენებია, ის ხალხის შემწეობით აშენდა!“

“ერეკლე მეორეს საზოგადოების” თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ლალი ბადურაშვილს ეხმიანება და საჯაროდ მიმართავს:

-“სანამ ასეთი ვაი ინტელიგენცია გვეყოლება, არაფერი გვეშველება. საააკაშვილი ვინც და რაც არის – ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამ ქალბატონის მხრიდან მიშას ლანძღვა-გინება და ბიძინა ივანიშვილის ქება-დიდება უნამუსობის აპოთეოზია. მისი შვილიშვილი სააკაშვილის პირადი მომღერალი იყო და საკმაოდ ბევრი სიკეთე, მათ შორის მატერიალური, მიღებული აქვთ პირადად მიხეილ სააკაშვილისაგან.

გასაგებია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველთვიურად ფულს უხდის ამ ქალბატონს და განსხვავებით ჩვეულებრივი პენსიონერებისგან, რომლებიც ნახევრად შიმშილობენ, თავს კარგად გრძნობს. ის კი ნაცვლად იმისა, რომ ჩუმად შეირგოს, ცეცხლზე ნავთს ასხამს და ისედაც გაღიზიანებულ საზოგადოებას აღიზიანებს. რომ დაუჩემებიათ – ბიძინამ სამება ააშენაო, ბიძინას არ აუშენებია სამება. სამება უფლის ნებით აშენდა. ის რომ მან ფული გაიღო, რამდენიმე მილიონი, არ ნიშნავს რომ მან რამით მეტი წყალობა გაიღო, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ, რომლებმაც სულ 20-თეთრი ან კიდევ ერთი ლარი შესწირეს სამების მშენებლობას. არა მგონია ამ ქალბატონს სახარება წაკითხული ჰქონდეს. თუმცა შეიძლება რომელიმე მამაოს ქადაგება მაინც აქვს მოსმენილი, სადაც სახარებაში ტაძრის მშენებლობისთვის შესაწირს რომ გასცემდნენ მდიდრები, მათ დაცინეს ერთ უპოვარ მოხუც ქვრივს 2-სპილენძის ლეპტის შეწირვისთვის.  მაცხოვარმა იმ ქვრივის შესაწირი შეიწირა და არა მდიდართა ოქრო-ვერცხლი, რამეთუ მდიდრებმა გაიღეს ზედმეტი, ხოლო ქვრივმა – უკანასკნელი ლეპტა.

ასე რომ, სამება აშენდა არა ბატონი ბიძინას წყალობით, არამედ მორწმუნე ქვრივ-ობოლთა ლოცვით და ქართველი ხალხის შემწეობითა და უფლის წყალობით”

კომენტარის დატოვება