თსუ-ში არჩევნები შედგა, კომისიის თავმჯდომარე წესების დარღვევაზე საუბრობს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, დიმიტრი ეგნატაშვილის განცხადებით „არჩევნები შედგა“. მან  თვითმმართველობის არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ უკვე არჩეულია 14 დელეგატი, რომლებიც ერთი კვირის ვადაში თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ. მისივე თქმით, 20 635 სტუდენტიდან არჩევნებზე მივიდა 2 036 სტუდენტი.

„პრინციპული საკითხი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ.არჩევნები შედგა და არის ლეგიტიმური. საჩივრებს რაც შეეხება, იყო აგიტაციასთან დაკავშირებით საჩივარი ერთ-ერთ უბანზე. 13 უბნიდან, შეუფერხებლად იმუშავა 4 უბანმა, ერთი მათგანი შეფერხდა მცირე ხნით, რვა უბანი იყო რამდენიმე საათის განავლობაში პიკეტრირებული, ეს არის წესების დარღვევა, რაზეც ალბათ შესაბამისი უწყებები მოახდენენ რეაგირებას“-აღნიშნა ეგნატიშვილმა.

არჩევნებს გამოეხმაურა თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბახვა კვირიკაშვილი. როგორც მან 2030.news-თან საუბრისას განაცხადა, არჩევნები იყო საკმაოდ დაძაბული, რამდენიმე უბანზე სტუდენტებს არ ჰქონდათ საშუალება დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია. მისივე თქმით, თვითმმართველობას არასოდეს ჰქონია პრობლემა „აუდიტორია 115“-თან თანამშრომლობის. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მათ არაერთხელ გამოთქვეს მზაობა თანამშრომლობისთვის, თუმცა „აუდიტორია 115“ მოლაპარაკებაზე არასოდეს მოსულა.

„თვითმმართველობა მათთან თანამშრომლობისთვის მუდამ მზად იყო. მარტშიც არაერთხელ გამოვთქვით მზაობა თანამშრომლობისთვის, მაგრამ ყოველთვის ჩვენ მარტო ვრჩებოდით მაგიდასთან, არავინ მოდიოდა. თანამშრომლობა ძნელია ალბათ, როცა 40-მდე სტუდენტს აქვს პიკეტირებული მეექსვე კორპუსი და სტუდენტებს, ვისაც მართლა სწავლა სურს ხელი ეშლებათ. მინდა ვუთხრა ყველას,  ნუ გადააყოლებენ 20000 სტუდენტს 40 ადამიანს. დანარჩენი გამოჩნდება, ვინ როგორი ფორმით ითანამშრომლებს”- განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა 2030.news-თან.

 

კომენტარის დატოვება