მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი – შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა

საუბარი, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდე განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ხელისუფლება წირავს მიხეილ სააკაშვილს და ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს.

„ხელისუფლებამ საკუთარი ინიციატივით შექმნა კონსილიუმი, სადაც შეიყვანა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და განაცხადეს, რომ კონსილიუმის რეკომენდაციებს შეასრულებდნენ ზედმიწევნით. ჩვენ ვნახეთ კონსილიუმის მიერ გაცემული რეკომენდაცია, რომლის თანახმად, შიმშილობის ამ ფაზაში უკვე არსებობს ის მდგომარეობა, როდესაც ნებისმიერ დროს შეიძლება საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა. ამ ჩარევის რესურსი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში არ არსებობს, ამის მიუხედავად, ხელისუფლება არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციებს და საუბარია, რომ თუ ოპერაცია იქნება საჭირო მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება ჰოსპიტალიზაცია, რაც სრული აბსურდია. შესაძლოა, ოპერაციის საჭიროება საერთოდ არ დადგეს და ისე დასრულდეს ფატალური შედეგით შიმშილობა, ოპერაცია შეიძლება სულაც არ იყოს კავშირში”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში სხვების დაუკითხავად მოათავსონ, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან არაფერი არ არის გამორიცხული.

,,ნამდვილად არაფერი არ არის გამორიცხული ამ ხელისუფლებისგან იმდენად სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ და მოქმედებენ”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილს არ აქვს არანაირი საჭიროება იმისა, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში. მინისტრის განმარტებით, არანაირად არ ხდება პაციენტის იძულებითი წესით განთავსება პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში და ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილისთვის ყველა საჭირო პირობას აკმაყოფილებს.