ივანე ჩხაიძე – ნებისმიერი ადამიანი, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში, სიცოცხლის რისკის ქვეშ დგას, რესურსი ამოუწურავი არ არის

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკი არსებობს. ამის შესახებ მან  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა,

„ეს დამოკიდებულია იმაზე, არის თუ არა ეს ადამიანი აბსოლუტურად ჯანმრთელი. რესურსი ამოუწურავი არ არის. ნებისმიერი ადამიანი, რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს, შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში, სიცოცხლის რისკის ქვეშ, რა თქმა უნდა, დგას“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი განმარტებით, ნებისმიერი ხანგრძლივი შიმშილობა თავისი რისკის მატარებელია და სწორედ ეს არის ამ შემთხვევაში სახიფათო.

„28 – დღიანი პერიოდი, რა თქმა უნდა ძალიან ხანგრძლივია. 4 კვირის განმავლობაში საკვების არმიღება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ეს რისკები შეიძლება აისახოს ნებისმიერ სისტემის ცხოველმყოფელობაზე, ეს იქნება საჭმლის მომნელებელი, სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა სისტემა. ასე რომ, რა თქმა უნდა, რისკები არის. შიმშილობა არ შეიძლება უსასრულოდ იყოს იმიტომ, რომ მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე მართლაც გაცილებით უფრო ხანგრძლივია. ჩვენ ვსაუბრობთ შიმშილობაზე, როდესაც წყლის მიღება არის შეზღუდული. როდესაც წყლის მიღება ხდება, ამ რესურსის საშუალებით შეიძლება ეს პროცესი გახანგრძლივდეს“,-განაცხადა ჩხაიძემ.