მურმან დუმბაძე – მიტინგი ხინკალი არ არის, წყალში ჩააგდო, მოხარშო, უეცრად ამოიღო და გაამატერიალურო, ჩვენ თუ ვიქნებით მტკიცე, სახელმწიფო იქნება მტკიცე

ბლოკირება ხდება, თუ ძალიან ბევრი ადამიანი მოიყრის თავს. პირადად მე, ბლოკირებასაც ვბედავ, მიტინგსაც ვბედავ, ხელისუფლების ლანძღვასაც ვბედავ. არ მეშინია, რადგან ხელისუფლება არის შესაცვლელი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ რუსთავი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი.

მისივე თქმით, სუს-ის დღევანდელი განცხადება არის დაშინების პრევენცია და მარადიული არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე  – ხელისუფლება დღეს არის ერთი, ხვალ იქნება მეორე.

„ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ამაში ჩვენ უბადლო ოსტატები ვართ. მე პირადად, უზარმაზარი გამოცდილება მაქვს ამ საქმეში. ხელისუფლება დღეს არის ერთი, ხვალ იქნება მეორე, ზეგ მესამე, ცვლადია, მარადიული არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე, მათ შორის ხელისუფლებაც. მიტინგი არ არის ხინკალი, ჩააგდო წყალში, მოხარშო, უეცრად ამოიღო და ის გაამატერიალურო, ასე არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ვიქნებით მტკიცე, სახელმწიფო იქნება მტკიცე, ხოლო თუ ჩვენ, მოქალაქეები ვიქნებით სუსტები, სახელმწიფოც იქნება სუსტი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ერგება კარგი სახელმწიფოებრიობა. ამ შემთხვევაში, ისევ ვიმეორებ – მიშა სააკაშვილის თავისუფლება, პოლიტიკური კონკურენცია, ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების მიხვედრა. ის ხელისუფლება, რომელიც ამას არ ხვდება, როგორც წესი, ისინი ძალიან ცუდად ამთავრებენ და ამის უამრავი მაგალითები არსებობს.

სუს-ის განცხადება, ეს არის პრევენცია იმისა, რომ ზოგიერთი დააშინოს, მაგრამ აქ ხედავთ, რომ ვინმეს რამის ეშინია. სუს-ის ასეთი მიდგომა არ ვარგა, რომ თურმე ჩვენ რაღაც საბურავებს ვამზადებთ, თურმე ტრუსკავეცში იმალება, რომ თურმე მიშა გვმართავს ციხიდან და ა.შ არავინ ამას არ იჯერებს“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.