სალომე სამადაშვილი – მიუხედავად იმისა, ვის რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის მიმართ, ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის დაკნინება ჩვენი სახელმწიფოსი

ოპოზიცონერი დეპუტატი, სალომე ​სამადაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა შედგეს საფუძვლიანი მსჯელობა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტების და კონსილიუმის ჩართულობით, როგორ შეიძლება, უახლოეს საათებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად.

„მივესალმები განცხადებას იმაზე, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. მე მას შევხვდები დღეს საპატიმროში. უბრალოდ, ჩემი სურვილი იყო, მივსულიყავი საპატიმროში ევროპულ დელეგაციასთან ერთად, მაგრამ მათ ჯერ არ აქვთ შესაბამისი ნებართვა და იმედი მაქვს, დღის ბოლოს შევძლებთ რაიმე კონკრეტული შედეგის დადებას იმ მიმართულებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი.

მიუხედავად იმისა, ვის რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის მიმართ, ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის დაკნინება ჩვენი სახელმწიფოსი. ეს ყველაფერი, ერთადერთი, ვისაც უხარია, არის ვლადიმერ პუტინი და ვნახეთ, როგორი ჟივილ-ხივილი იყო რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში. ყოველთვის, როდესაც დამცირებულია ქართული სახელმწიფო, გამარჯვებული არის რუსეთი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.