პრეზიდენტი ფერეიდანში ქართველების ცხოვრებით დაინტერესდა და პროექტის მომავალში გაგრძელებაზე ისაუბრა

გიორგი მარგველაშვილმა  პრეზიდენტის სასახლეში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართულ ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან.

საქართველოს პრეზიდენტმა ფერეიდნელ ახალგაზრდებს სასახლე ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და პოლიტიკურ მდივანთან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად პირადად დაათვალიერებინა.

გიორგი მარგველაშვილი სტუმრებს გაესაუბრა და ფერეიდანში ქართველების ცხოვრებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა პროექტის მომავალში გაგრძელების შესახებაც ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

პროექტს “საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ს ახორციელებს  და იგი ფერეიდნელი ახალგაზრდებისათვის ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შესწავლას ისახავს მიზნად. ახალგაზრდებისათვის ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიებიც მოეწყობა და ისინი საქართველოს ისტორიულ ძეგლებს გაეცნობიან.

შეგახსენებთ:

3 დეკემბერს  17:00–ზე პროექტის: “ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელი ქართველებისათვის” დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.

ფერეიდნელები შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერებს.
მისამართი: “ვარდების ბაღის” დარბაზი (ყოფილი გორკის კლუბი). დ. აღმაშენებლის 73.
დასწრება
თავისუფალია!

 

კომენტარის დატოვება