თუ ამ ტემპებით იმოძრავა ქვეყანამ, ალბათ 100 წელიწადში მივიღებთ ნორმალურ ეკონომიკას

თბილისის საკრებულომ მერიის მიერ გადაგზავნილი ბიუჯეტის განხილვა დაასრულა და შენიშვნებითა და შესწორებებით უკან გადაუგზავნა, რათა მერიამ გაითვალისწინოს არსებული შენიშვნები. როგორც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე იმედოვნებს, მერია გაითვალისწინებს საკრებულოს რეკომენდაციებს.

-„ჩემი პოზიცია არ შეცვლილა პრიორიტეტებთან დაკავშირებით, კერძოდ, ჩვენ გვაქვს ძალიან მწირი ბიუჯეტი, 800 მილიონი ლარი და მითუმეტეს ლარის ვარდნის პერიოდში მილიონნახევრიანი ქალაქისთვის ძალან ცოტაა. სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ახალი შემოსავლების გაჩენას თუნდაც მუნიციპალიტეტის დონეზე, ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, რომლებმაც უნდა გააჩინონ საბიუჯეტო შევსების წყაროები, არ ექცევა შესაბამისი ყურადღება და პირიქით, კლებულობს ეკონომიკური სამსახურის ბიუჯეტი, ეს ჩემთვის მიუღებელია. როგორც ქვეყნის, ისე ქალაქის დონეზე განვიცდით ფინანსების მკვეთრ დეფიციტს. თუ ამ ტემპებით იმოძრავა ქვეყანამ, ალბათ 100 წელიწადში მივიღებთ ნორმალურ ეკონომიკას, ეს პრემიერმაც აღნიშნა და მართლაც ასეა. ჩვენმა ეკონომიკამ თავის დროზე განიცადა ძალიან ღრმა კოლაფსი, რომლიდანაც, თუ მიდგომები არ შეიცვალა, ვერც გამოვალთ.

მიმაჩნია, რომ ბიუჯეტში უნდა იყოს ჩადებული ის პროექტები, რომლებიც აუცილებელია ქალაქის განსატვირთად. ასევე აუცილებელია ახალი ნოვაციების შემოღება, მაგალითად იგივე ჰაერის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ზრუნვა. უნდა გამოინახოს ელექტროტაქსების შემოყვანის საშუალება, უნდა მივცეთ ამ სერვისს ცივილიზებული სახე, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს სოციალურად. ეკოლოგიური მდგომარეობის კატასტროფული მდგომარეობა ზიანს აყენებს როგორც ჩვენი მოქალაქეებს ჯანმრთელობას, ასევე ტურიზმს“.

დეპუტატის თქმით შესაძლოა მას მერე, რაც მერია შესწორებულ ვარიანტს დაუბრუნებს საკრებულოს, კიდევ არ მოხდეს ბიუჯეტის დამტკიცება და კიდევ იყოს შენიშვნები.

კომენტარის დატოვება