სოზარ სუბარი – სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და არ მგონია, ვინმეს გაახსენდეს შემთხვევა, როცა ის პატიმრების ულტიმატუმების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას

მიიღებს თუ არა პაციენტი მკურნალობას ან მკურნალობის რა ფორმას აირჩევს ის, ეს შეიძლება, მისი გადასაწყვეტი იყოს, მაგრამ არა მკურნალობის მიღების ადგილი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

სასჯელაღსრულების სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტია, რომელ სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანდნენ სააკაშვილს.

„იმ წუთიდან, როცა სააკაშვილმა თქვა, რომ იწყებს უფრო მკაცრი ფორმით შიმშილობას და ექიმთა კონსილიუმმაც თქვა, რომ საჭირო იყო მისი კლინიკაში გადაყვანა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. კონკრეტულად, სად გადაიყვანდა და როგორ გადაიყვანდა, ეს არის სასჯელაღსრულების სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს გადასაწყვეტი – ამის პატიმრებთან შეთანხმება არ ხდება. საუბარი თუ არის, პატიმარზე, როგორც პაციენტზე, მიიღებს თუ არა პაციენტი მკურნალობას ან მკურნალობის რა ფორმას აირჩევს ის, ეს შეიძლება, მისი გადასაწყვეტი იყოს, მაგრამ არა მკურნალობის მიღების ადგილი.

მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს პრეზიდენტი, იუსტიციის მინისტრი და არ მგონია, ვინმეს გაახსენდეს შემთხვევა, როცა ის პატიმრების ულტიმატუმების საფუძველზე იღებდა გადაწყვეტილებას, ვის სად, რომელ დაწესებულებაში გადაიყვანდნენ. რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, როგორც პატიმარი სააკაშვილი იქცევა, არ მინდა, წარმოვიდგინო მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ სასჯელაღსრულების სისტემაში, რა დღეში ჩავარდებოდა პატიმარი ასე რომ მოიქცეს, შეურაცხყოფა მიაყენოს სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებს, დაამტვრიოს აპარატურა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.