სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო – მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო, ან მუსოლინი – იტალიის სიმბოლო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ახლა მოგვიწოდებენ, რომ დიდი პატივისცემითა და მორიდებით ვისაუბროთ სააკაშვილზე, როგორც სიმბოლოზე. მიხეილ სააკაშვილი ვერ იქნება საქართველოს სიმბოლო, ისევე როგორც ჰიტლერი ვერ იქნება გერმანიის სიმბოლო, ან მუსოლინი – იტალიის სიმბოლო. წარმოუდგენელია, რომ მიხეილ სააკაშვილი, თავისი დანაშაულებრივი რეჟიმის შექმნით, იყოს საქართველოს სიმბოლო. ეს არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც მიხეილ სააკაშვილის პატივისცემას გვაიძულებენ, პარალელურად, მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მონას ეძახიან. ამ ორმაგ სტანდარტს ცოტა გასწორება სჭირდება“, – განაცხადა მდინარაძემ.