დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა, ეს ცეცხლთან თამაშია – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

მან ექსპრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„მე ვიცნობ საკმაოდ კარგად საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მქონია ხშირად მასთან განხილვა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, პოზიციების დაპირისპირება. კარგად ვიცნობ და და ვმეგობრობ მის მამასთან, ასევე დაგიდასტურებთ, რომ საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს მის დედასთან. ბატონი მიხეილის ბებია იყო ჩემი მასწავლებელი, როდესაც მე ვსწავლობდი სამედიცინო უნივერსიტეტში. ასევე ვიცნობ მის მეორე ბებიას და ძმებს, ანუ ოჯახთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს. ასევე მის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან, რომელთანაც საკმაოდ ბევრ გლობალურ პროექტთან მქონია გადაკვეთა, მიუხედავად ამისა ბევრ საკითხში შეიძლება ჩვენი შეხედულებები იყო განსხვავებული.

დღევანდელი მოცემულობა არის, რომ ეს პოლიტიკური პროტესტი გადაიზარდა იმაში, რომ სააკაშვილი გახდა პაციენტი. მე ექიმი ვარ და ჩემთვის პაციენტი, იქნება ეს უმაღლესი თუ დაბალი თანამდებობის პირი, ყოველთვის პაციენტია და ექიმის მოვალეობაა, რომ პაციენტს ჩაუტაროს ყველა ის აუცილებელი დახმარება, რომელიც მას სჭირდება. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, მე, როგორც ექიმი, დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს მის ჯანმრთელობასთან ცეცხლთან თამაშია, იქ ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლესთან შეუთავსებელი გართულებები.

მე ძალიან ვენდობი კონსილუმს, ვიცნობ ხუთივე წევრ ექიმს და დიდ პატივს ვცემ მათ. ასევე არის ის მეორე ალტერნატიული კონსილიუმიც. ასერომ საერთო კონსილიუმმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, შესაძლო გადაყვანის შესახებ და ასევე, თუ როგორ უნდა მოხდეს შიმშილის შეწყვეტა. დღეს ჩვენ უნდაა დავეყდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.