ივანე ჩხაიძე: დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია – გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება

ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს გაფრთხილება, რომ წელს გრიპის გაცილებით მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე 2020 წელს. იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ, ძალიან დაბალი იქნება, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა,  ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,

„ ჩვენი მოლოდინი, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდებოდა, ჯერ მოლოდინად რჩება. 60 წელს გადაცილებულთა ფინანსური დაინტერესების და „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების მიუხედავად, ჯერ უცვლელი რჩება ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა. ამ ორ ფაქტს კიდევ უფრო ამძაფრებს ის პერიოდი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.

ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი ის თვეებია, როდესაც პირველად გამოჩნდება ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის ვირუსის შემთხვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ გრიპის შემთხვევების მატების პერიოდი დაიწყება, რაც პიკს დეკემბერ-იანვარში მიაღწევს. ყველა ქვეყანას გვაქვს მიღებული ჯანმო-ს მიერ გაფრთხილება, რომ წელს გრიპი გაცილებით უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2020 წელს. ასევე ძალიან დაბალი იქნება იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც გარკვეული იმუნიტეტი აქვს გრიპის მიმართ. დეკემბერი და იანვარი ძალიან საგანგაშო და მნიშვნელოვანი პერიოდია, როგორც პანდემიის მიმდინარეობის, ისე გრიპის შემთხვევების მატების თვალსაზრისით“, – განაცხადა ივანე ჩხაიძე.