მოვითხოვთ სასჯელაღსრულების გენერალური დირექტორის მხრიდან შეტანილი იქნეს სასმართლოში მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების მოთხოვნით – მოძრაობა ,,ვარდების აღების დროა”

პენიტენციური სამსახურის დირექტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს სასამართლოს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება – ამის შესახებ მოძრაობა ,,ვარდების აღების დროას” ლიდერი და უფლებადამცველი, ალექსანდრე კობაიძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისივე თქმით,  მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე თუ მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით.

,,როგორც თქვენთვის ცნობილია, გლდანის N18 დაწესებულებაში სასჯელს იხდის მიხეილ სააკაშვილი. ასევე მოგეხსენებათ, რომ იგი 40 დღეზე მეტია, რაც შიმშილობს, შედეგად შეელახა ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, აღენიშნება ძლიერი ტკივილები მუცლის ღრუში, აქვს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ნიშნები, ფიზიკურად არ შეუძლია საწოლიდან ადგომა და სიარული. შედეგად, არსებობს გონივრული ვარაუდი იმისა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება და დადგება ლეტალური შედეგი.

მოგეხსენებათ, რომ შიმშილობის შეწყვეტის პირობას წარმოადგენს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მკურნალობის მიზნით ე.წ. სამოქალაქო კლინიკაში, რაც პენიტენციური დაწესებულების მხრიდან არ კმაყოფილდება.

თქვენ, უფლება გაქვთ, მსჯავრდებულის სასიცოცხლოდ მძიმე მდგომარეობაში ყოფნის საფუძვლით, მიმართოთ განაჩენის გამომტან სასამართლოს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით. სასამართლოს მიერ აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოხდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დროებითი გათავისუფლება, შედეგად კი – თავად განახორციელებს მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით – 1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე;
მე-2 ნაწილის მიხედვით – სასამართლო განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს განიხილავს მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის, კანონიერი წარმომადგენლის ან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის შუამდგომლობით.
აქედან გამომდინარე, პენიტენციური სამსახურის დირექტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს სასამართლოს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება.” – წერს კობაიძე.