ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გორის ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც ის ექიმებს და კლინიკის დირექტორს შეხვდა.

მისივე თქმით, ეს კლინიკა არის დაცული და სააკაშვილისთვის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება.

“მე მინდა ყველა იმ ექიმს მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობას იღებდა შექმნილ კონსილიუმებში. მათი როლი იყო დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობა ყველა იმ ექიმს, რომლებიც მკურნალობის პროცესში იყვნენ ჩართულები, ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი და რთული გზა გაიარეს.

პაციენტს, როგორც რუსთავის, ასევე 18-ე დაწესებულებაში ყველაფერი უტარდებოდა, რაც მას სჭირდებოდა, ამიტომ ეს მღელვარება იყო ზედმეტი.

ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბოლო პერიოდში ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა.

ეს კლინიკა არის დაცული და მისთვის უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოება. ჩაითვალა, რომ გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება.

ჰოსპიტალი არ გადაიკეტება, ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, აქაც გააგრძელებენ მის მკურნალობას,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.