კომპეტენტურობა დღეს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ეს დადებითად არ აისახება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე საზღვარგარეთ – კობახიძე

ირაკლი კობახიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ნინო ლომჯარიას უარი ეთქვა მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართულიყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დღეს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კომპეტენტურობაა.

„სახალხო დამცველს პროცედურული მიზეზით ეთქვა უარი სარჩელზე, რომელიც მან წარადგინა სტრასბურგში. ეს მეტყველებს იმაზე, რომ, სამწუხაროდ, კომპეტენტურობა დღეს ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ეს, რა თქმა უნდა, დადებითად არ აისახება ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე საზღვარგარეთ. რაც შეეხება პოლიტიკურ მიკერძოებას, ამას აქვს თავისი მიზეზი. თავის დროზე, როდესაც მოხდა მისი (ნინო ლომჯარიას) განწესება ამ თანამდებობაზე, ამას წინ უსწრებდა პოლიტიკური კონსულტაციები. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ ეს თანამდებობა მაშინ რეალურად ოპოზიციას დავუთმეთ და ის დღეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის კურსს ატარებს“, – განაცხადა კობახიძემ.

19 ნოემბერს სახალხო დამცველის ოფისმა სტრასბურგის სასამართლოსგან წერილი მიიღო, სადაც სასამართლო აღნიშნავს, რომ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე ომბუდსმენის აპარატს უარს ეუბნება.