“ეს არის შტამი, რომელიც ყველაზე სახეცვლილია” – რატომ არის “ომიკრონი” უფრო საშიში ვიდრე “დელტა” შტამი – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ახალ მუტირებულ შტამზე – “ომიკრონზე” საუბროსბს და განმარტავს თუ რატომ არის იგი უფრო საშიში, ვიდრე აქამდე არსებული სხვა ყველა.

როგორც იგი “რუსთავი 2″-თან ინტერვიუში ამბობს, რომ იგი ყველაზე სახეცვლილი შტამია, ხოლო “ჯერჯერობით ყველა ინფორმაცია, რომელიც ახალ შტამზე არსებობს, მაინც თეორიულ დონეზეა და პრაქტიკული ნიუანსები მსოფლიოს მედიცინას ამ ეტაპზე არ აქვს. ეს არის შტამი, რომელიც ყველაზე სახეცვლილია. მუტაციებს, “ჯანმო” ორ ნაწილად ყოფს – ეს არის, ინტერესისა და შეშფოთების მუტაციები. ბოლო მათგანს მიეკუთვნება “ალფა”, “ბეტა”, “გამა” და “დელტა”, მათ კი, ახლა ახალი შტამი “ომიკრონი” დაემატა. თუმცა, ის მაინც განსხვავდება შეშფოთების სხვა ყველა მუტაციისგან იმით, რომ ამ ვარიანტში არის 50-ზე მეტი მუტაცია”, – ამბობს კულუმბეგოვი.

როგორც იგი აცხადებს, აღნიშნული შტამის სახეცვალებადობის გამო, რისკები ნამდვილად არსებობს.

„გუშინ გავრცელდა ინფორმაცია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მიერ და მან თქვა, რომ იმ რეგიონში, სადაც “ომიკრონის” ყველაზე მეტი რაოდენობაა კონცენტრირებული დაავადებული ადამიანების, საავადმყოფოები იმ ნაწილში, მაინც სავსე არის აუცრელი ადამიანებით. ამიტომ, არ ადასტურებს სამხრეთ აფრიკა, რომ ამ შტამის გავრცელების მიუხედავად, ბევრი მათგანი რეინფიცირებული ან ვაქცინირებული მოხვედრილიყოს კლინიკებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. ასე, რომ ამ შტამის სახეცვალებადობის გამო, რისკები ნამდვილად არსებობს”, – აღნიშნავს ალერგოლოგი.

ამასთან, კულუმბეგოვის თქმით, მის წინააღმდეგ მოქმედი არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი არავის შეუსწავლია.

“რადგანაც ეს ახალი შტამია, არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი არავის შეუსწავლია. ამას ჰქვია მანეიტრალებელი ძალა, რამდენად დარჩა ვაქცინას ახალი შტამის მიმართ, ეს კი ერთ კვირაში გვეცოდინება ძირითადი ვაქცინის მწარმოებლებისგან,”- აცხადებს იგი.

ასევე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის განცხადებით, სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი შესაძლოა, „დელტაზე” 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს და იგი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკასაც.

 

ასევე იხილეთ: სამხრეთ აფრიკულმა ახალმა მუტანტმა შესაძლოა, უფრო სწრაფადაც შეაღწიოს ორგანიზმში და „დელტაზე” 10-ჯერ უფრო ძლიერიც იყოს – გიორგი ფხაკაძე ახალ კოვიდვარიანტზე