ეკატერინე ტიკარაძე – ახალ შტამზე ვაქცინის ეფექტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა შეიძლება, ირიბი დასკვნა გავაკეთოთ, რომ იგი მეტად ვრცელდება ახალგაზრდებში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვირუსის გავრცელების კონტროლის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენენ.

„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი კიდევ მუშაობს, რის შედეგადაც ჩვენ შემდეგ საბჭოს წარვუდგენთ დამატებით რეკომენდაციებს, რაც მიგვაჩნია გაცილებით მეტად გონივრულად, რათა მოხდეს ინფექციის მაქსიმალური კონტროლი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ შტამს, საკითხზე საუბრისას ტიკარაძემ განაცხადა, რომ ჯერ არ არის დადგენილი, არის თუ არა არსებული ვაქცინები ეფექტური ახალი შტამის მიმართ.

„ვაქცინის ეფექტურობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, თუმცა ის პირები, ვინც დაინფცირდნენ ახალი შტამით, არც ერთი არ იყო ვაქცინირებული. აქედან შეიძლება ირიბი დასკვნა გავაკეთოთ. აღინიშნება, რომ შტამი მეტად ვრცელდება ახალგაზრდებში, ვიდრე ხანდაზმულებში, მაგრამ აქაც შეიძლება იყოს ორი მოსაზრება. იმ ქვეყნებში ხანდაზმულების 90% არინ აცრილი. შესაბამისად, შესაძლოა, ხანდაზმულები აცრიდან გამომდინარე არიან დაცულები. შესაბამისად, მნიშვნელოვან ბერკეტად კვლავ რჩება ვაქცინაცია“, – განაცხადა ტიკარაძემ.