პოლიტიკური მიკერძოება და ყალბი ინფორმაციის გავრცელება ისევ მაუწყებლების მთავარი გამოწვევაა – კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია 2021 წლის საქართველოს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიში მეორე ტურს, 2021 წლის 03 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს”, „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას”, “რუსთავი 2”-ს, “ტელეიმედს”, “ტელეკომპანია პირველს” და “მთავარ არხს” ჩაუტარდა. მონიტორინგი საუკეთესო დროს, კერძოდ 19:00 საათიდან 24:00 საათამდე პერიოდს მოიცავდა, ხოლო საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონიტორინგი მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა. რაოდენობრივი მედიამონიტორინგი 50-მდე სამაუწყებლო არხზე ჩატარდა. 6 საერთო ეროვნული მაუწყებლის თვისებრივი მონიტორინგისას, კომისიის დაკვირვების საგანს შემდეგი საკითხები წარმოადგენდა: ბალანსი, სიზუსტე, რელევანტურობა, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოტოვება, ასევე სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია და ვიზუალური/აუდიო მანიპულაცია.

,,წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი ლიბერალური კანონმდებლობის შედეგად, მედია პლურალისტური და მრავალფეროვანია, თუმცა, მკვეთრად პოლარიზებული. “ტელეიმედის“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მაგალითზე ნათლად გამოჩნდა, რომ სახეზეა მიკერძოება სხვადასხვა პოლიტიკური მხარის სასარგებლოდ. საინფორმაციო გამოშვებები, ისევე როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები გამოირჩევა ბალანსისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით. „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ ეთერში ისმოდა მძიმე ბრალდებები, რომლებიც არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით, გადაცემის წამყვანები ღიად უჭერდნენ მხარს საარჩევნო სუბიექტებს და მაყურებელს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი ლექსიკა და იყენებდნენ სიძულვილის ენას” – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიში იხილეთ ვრცლად.