ლინას ლინკევიჩუსი – ნატო-მ შეცდომა დაუშვა, როდესაც უარი თქვა 2008 წელს საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე

ნატო-მ შეცდომა დაუშვა, როდესაც უარი თქვა 2008 წელს საქართველოსთვის ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა რიგაში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს 2008 წელს დაესხნენ თავს, ეს მოხდა ცნობილი სამიტის შემდეგ, როდესაც ჩვენ უარი ვთქვით საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე. ჩემი აზრით, ეს სრულად ბიურკრატიული მექანიზმია – წევრობის სამოქმედო გეგმა. ეს არ არის წევრობა, ეს უბრალოდ გეგმაა. მაშინ ნატო-ს წევრების ნაწილი და ჩვენ უმცირესობაში ვიყავით, ვამბობდით, რომ საქართველოსთვის ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმის გადაცემაზე უარით ჩვენ ვახდენთ აგრესორის პროვოცირებას და მათ უჩნდებათ სამოქმედო სივრცე. მაშინ ჩვენ გვითხრეს, რომ ვცდებით, ეს იქნება პროვოკაცია და რუსეთი იქნება აგრესიული.

ბოლოს, როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო და საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოხდა, ვუთხარით მათ, რომ ჩვენ მართლები ვიყავით. შეხედეთ, ომი მოხდა, ტერიტორიებია ოკუპირებული – ამაზე გვიპასუხეს, რომ არა თქვენ ისევ ცდებით, რადგან შეიძლება უარესი მომხდარიყო. ახლა ისევ ვფიქრობთ. არადა, ეს არ შეიძლება მართალი იყოს, რადგან სახეზეა საქართველოს მაგალითი და შემდეგ უკვე ყირიმის ანექსია. დონბასის წინააღმდეგ აგრესია ახლაც მიმდინარეობს, ბორდერიზაცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე დონბასში გრძელდება რუსეთის პასპორტების გაცემა. ჰიბრიდული მეთოდების გამომგონებლები ძალიან შემოქმედებითად უდგებიან ამ საკითხს. შეხედეთ, ბელარუსში თვითმფრინავების გატაცება ხდება, მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია პოლონეთის და ლიეტუვის საზღვრებთან. ეს ისევ არის გამოცდა. ისინი გვიწყობენ გამოცდას, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა. თუ საფასური მართვადია და მისაღები, მაშინ ისინი გააგრძელებენ“, – განაცხადა ლინკევიჩუსმა.