„ტიკარაძისთვის ამ კრიტიკულ პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა სიმშვიდის მომტანი არ იქნებოდა“ – ეკა ბესელია

პოლიტიკოსი ეკა ბესელია ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ტიკარაძის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დარჩენა დროებითია და იგი გუნდს, სავარაუდოდ, მალე დატოვებს.

„ალბათ არ იყო მოულოდნელი ეს გადაწყვეტილება. ბოლოდროინდელი მოვლენები ამ შედეგისკენ მიდიოდა. შეიძლება სხვა რამეებიც იყოს მიზეზი და არამარტო კოვიდის თემა, მაგრამ მე მგონია, რომ ეს კარგი შვება იქნება თავად ქალბატონი ტიკარაძისთვის იმიტომ, რომ არა მგონია მისთვის ამ ძალიან კრიტიკულ პერიოდში „ქართულ ოცნებასთან“ ყოფნა პიროვნულად სიმშვიდის მომტანი ყოფილიყო.

რაც შეეხება პარტიის შეთავაზებას, ეს დროებითი გაჩერებაა ხოლმე, ასე იყო ადრეც, როდესაც ასეთი საკადრო გადაწყვეტილებები მიიღებოდა. ეს იყო დროებითი თავშესაფარი, პრობლემის გადაჭრის დროებითი გზა, ეს არის ზედმეტი ხმაურის თავიდან აცილების გამოსავალი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.