ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები – იენს სტოლტენბერგი

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთისთვის მოწოდებას, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს სამხედრო ძალები, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობას. საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორი. რიგაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული სიტუაცია განიხილეს.

ამასთან, სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას აქვთ უფლება, თავად აირჩიონ ალიანსები და რუსეთს არ აქვს ამ არჩევანის კარნახის უფლება.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის რუსეთის სამხედროების მობილიზაცია უკრაინაში, მის გარშემო და მისი დესტაბილიზაციური აქტივობა შავი ზღვის რეგიონში. შევთანხმდით, რომ აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება და ესკალაციის თავიდან აცილება. ნებისმიერ მომავალ აგრესიას რუსეთის მხრიდან მაღალი საფასური მოჰყვება და ექნება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის. საქართველოსა და უკრაინას აქვთ უფლება, თავად აირჩიონ ალიანსები, ხოლო რუსეთს არ აქვს ამ არჩევანის კარნახის უფლება. ჩვენ უარვყოფთ ევროპაში გავლენის სფეროების ნებისმიერ იდეას. ეს იდეები ისტორიას ჩაბარდა და ასე უნდა დარჩეს. ნატო გააგრძელებს პარტნიორების მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მათ შორის საზღვაო მხარდაჭერით, ერთობლივი სწავლებებით და ინფორმაციის გაზიარებით“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.