„ომიკრონი“ არის სწრაფად გავრცელებადი ახალი შტამი, საჭიროა შესაფერისი მზაობა, რაც ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში „ომიკრონის“ არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. მისივე თქმით, ლაბორატორიულად ახალი შტამი თუ დადასტურდება, საზოგადოებას აცნობებენ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ კოვიდპაციენტების მართვის კუთხით სისტემა კარგად აწყობილია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით პროცესები შეუფერხებლად გაგრძელდეს, რაც ნებისმიერი სირთულის კორონავირუსის ტალღასთან გამკლავებას გახდის შესაძლებელს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადები შეუფერხებლად მუშაობენ. ყოველდღე მაქვს ინფორმაცია და მათ ამ მიმართულებით არც ერთი დაყოვნება არ აქვთ. ასევე კლინიკებში საწოლბრუნვა არის შესაფერისი კორონავირუსის ახალი შემთხვევების იმ რაოდენობასთან, რომელიც ჩვენ გვაქვს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ეს პროცესები გაგრძელდეს შეუფერხებლად. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევძლებთ და გავუმკლავდებით ნებისმიერი სირთულის ტალღას. როგორც ვაკვირდებით სხვა ქვეყნების მაგალითზე, „ომიკრონი“ არის სწრაფად განვითარებადი ახალი შტამი და სხვანაირი ვერ იქნება საქართველოში. აქედან გამომდინარე, საჭიროა შესაფერისი მზაობა, რომელიც მიმაჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ტიკარაძემ.