25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე სათხილამურო სეზონი გაიხსნება

25 დეკემბერს მესტიაში, გუდაურსა და გოდერძიზე 2021/22 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. მესტიაში ამოქმედდება როგორც ღია ტიპის საბაგირო, რომელიც მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან, ასევე ზურულდის მთის ათადგილიანი გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1,800 მგზავრია, რომლის გაზრდაც შესაძლებელია 2,400 მგზავრამდე. მათივე ცნობით, საბაგიროს სიგრძე 1,421 მეტრია, სიჩქარე კი 6 მ/წმ. კურორტ ჰაწვალზე ფუნქციონირებს 7 კმ-ნი 4 სათხილამურო ტრასა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის არის გათვლილი.

„რაც შეეხება თეთნულდის სათხილამურო არეალს, კურორტზე არის 5 საბაგირო და 5 სათხილამურო გზა. ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან კი 3168 მეტრია.
კურორტ გუდაურში ამუშავდება 18 საბაგირო. სრიალის მოყვარულები ისარგებლებენ 70 კმ-ნი 22 სასრიალო ტრასით. კურორტ გოდერძიზე კი არის ორი დიდი საბაგირო, ერთი მოძრავი ხალიჩა და 7-კილომეტრიანი სათხილამურო გზა.
მესტიასა და გუდაურში საბაგიროები ყოველდღე იმუშავებს. კურორტი გუდაური – 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ჰაწვალი 10:00 სთ-დან -16:00 სთ-მდე, (შაბათი-კვირა 10:00 საათიდან 17:00 საათამდე), თეთნულდი 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, გოდერძი კი 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.

რაც შეეხება ბაკურიანის სათხილამურო არეალს, 25 დეკემბერს კლიმატური პირობების გათვალისწინებით სათხილამურო ინფრასტრუქტურა ვერ ამოქმედდება, თუმცა ნალექისა და ყინვის შემთხვევაში საბაგიროები აღნიშნულ კურორტზეც ჩვეულ რეჟიმში იფუნქციონირებს.

საქართველოს სამთო-კურორტებზე, სასრიალო გზების უსაფრთხოებას, მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახური და სამთო პატრული უზრუნველყოფს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.