მამუკა ხაზარაძე – ეს არის პოლიტიკური დევნა, ვენდეტა, თუ ეს ასე დარჩა, რასაც სამი წლის განმავლობაში ვისმენთ, ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია

ეს არის პოლიტიკური დევნა, ვენდეტა. ის კი არ მაწუხებს, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ ხვალ, მე ამისი არ მეშინია, თუ ეს ასე დარჩა, რასაც სამი წლის განმავლობაში ვისმენთ, ამ ქვეყანას განვითარება არ უწერი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაძარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.

„არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ როდესაც სამი წლის განმავლობაში ჩვენ ერთსა და იმავეს სვისმენთ, აქ ან ინტელექტუალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ან დაკვეთასთან, რომელიც უნდა შეასრულონ. როდესაც მე და ბადრი ჯაფარიძემ გამოვაცხადეთ პარტიის დაფუძნება, ამის შემდეგ დაიწყო ბრალის წარდგენა. ეს არის პოლიტიკური დევნა, ვენდეტა. ის კი არ მაწუხებს, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ ხვალ, მე ამისი არ მეშინია, თუ ეს ასე დარჩა, რასაც სამი წლის განმავლობაში ვისმენთ, ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია. ამ ბრძოლას გავაგრძელებ, სადაც არ უნდა ვიყო, არანაირი განზრახვა არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში დიდი ინვესტიცია შემოგვეტანა, არავინ არ მოგვიტყუებია. არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია, ვერ შეიძლება იყოს გათეთრებული, თუ ის არის თეთრი. ეს არის პოლიტიკური საქმე, ამას სამართალთან არა აქვს კავშირი. ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევხედავ მშვიდად, მაგრამ ამ ქვეყანაში, ვიდრე არ იზეიმებს სამართალი, არა მამუკა ხაზარაძისთვის, არამედ რიგითი მოქალაქისთვის, მანამდე ვიქნებით ამ ჭაობში“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

„ჩვენ ავიღეთ ეს სესხი იმიტომ, რომ გვქონდა კრედიტი ირლანდიურ ბანკთან. რა უნდა სიმართლის დადგენას, თუ ამის სურვილი გაქვს. ჩვენ ავიღეთ მოკლევადიანი სესხი, თუმცა ვერავინ გათვლიდა, რომ რუსეთის არმია შემოიჭრებოდა და 2008 წელს დადგებოდა ფორსმაჟორული სიტუაცია. რატომ არ თქმულა არც ერთხელ, რომ 2008 წელს ფორსმაჟორული სიტუაცია დადგა. ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, იმის გამო, რომ გაპრობლემდა „სამგორის“ და სხვა კომპანიების სესხი, ჩვენ შეგვიმცირდა ოცდაათი პროცენტით მონაწილეობა. რატომ ჩქარობს პროკურატურა? შესაძლოა, წაბრძანებულიყო პროკურატურა და ესაუბრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან, არც წაბრძანებულად და არც დაკავშირებიან. ჩვენ მართლაც დავზარალდით ამ სესხის გამო, დავკარგეთ ჩვენი ქონების ორი მესამედი, არსად ეს დაფარული არ ყოფილა, ამიტომ გვაქვს საქმე შეთითხნილ, გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმესთან. დღესაც აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდით, რადგან ვმოქმედებდით ინსტიტუტისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით, შემოგვყავდა ძლიერი კომპანია, მაგრამ მოხდა ის, რის პროგნოზირებასაც ვერ გავაკეთებდით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გახდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასასრული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.