სალომე სამადაშვილი – ივანიშვილის სასამართლოს გაუჭირდა გაეფორმებინა ის პოლიტიკური დაკვეთა, რაც მიცემული ჰქონდა

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ის, რომ აღნიშნული საქმე აბსურდული იყო.

„ვფიქრობ, დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა, ერთი, რომ ეს საქმე აბსურდული იყო და თუნდაც ივანიშვილის სასამართლოს გაუჭირდა გაეფორმებინა ის პოლიტიკური დაკვეთა, რაც მიცემული ჰქონდა. მეორე, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართლის არანაირი პრინციპები, სამართლიანობა და ადამიანები შეიძლება წლების განმავლობაში დევნონ, მაგრამ რისთვის, გაუგებარია. მესამე – დავინახეთ ის, რომ როდესაც ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი სასამართლო, ამის მსხვერპლი ხდებიან არა კონკრეტული ადამიანები, როგორიც არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი, არამედ ქვეყანას ერთმევა განვითარების შანსი. მათ შორის, ამ საქმის შედეგია ის, რომ ვერ განხორციელდა ანაკლიის პროექტი. ამიტომ, უნდა შეიცვალოს ქვეყანაში მართლმსაჯულების პრინციპები, გატარდეს სასამართლოს რეფორმა, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ამ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური ცვლილებები, რის გარეშეც ქვეყანას განვითარების შანსი არ ექნება და ეს დავინახეთ ჩვენ“, – აცხადებს სამადაშვილი.

საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები ფულის გათეთრების მუხლიდან თაღლითობის მუხლით გადააკვალიფიცირა, ისინი ამ მუხლით დამნაშავედ ცნო, საქმის ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა.