მთავარი ამოცანაა, ეს ყველაფერი დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანა – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს ყველაფერი დავასრულოთ ამ გაზაფხულზე, არანაირი გადატანა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროტესტისთვის ბევრ სხვადასხვა ადგილზე უნდა შეიკრიბონ და ყველა ტრიბუნა გამოიყენონ და არასწორხაზოვნად უნდა იმოქმედონ.

„რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ რეჟიმს შესაძლებლობა ერთ ადგილზე შევიკრიბოთ, ყველა დაგვარბიოს და ამით დაამთავროს. უნდა ვიყოთ ბევრ ადგილზე, არასწორხაზოვნად უნდა ვიმოქმედოთ. უნდა გამოვიყენოთ ერთი, მეორე, მესამე ტრიბუნა, ეს ტრიბუნაც. ამისთვის მოვედი აქ.

ერთ-ერთი, რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ, ოპოზიციის ერთიანობაა. არ დავუჯეროთ ეშმაკს, რომელიც ჩაგვჩურჩულებს, რომ მაინც არაფერი გამოვა. საჭიროა ყველგან ყველაფრის გაპროტესტება, ყველა პოლიტიკური კუნთის ამუშავება. რა თქმა უნდა, დადგება ის დღეც, როდესაც ძალიან ბევრი ხალხი შეიკრიბება თბილისში და მიაღწევს რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნას. პირველივე დიდი კამპანიური აქციების შედეგად მე გავთავისუფლდები საპატიმროდან. რა თქმა უნდა, ეს მშვენივრად იცის ამ რეჟიმმა. ივანიშვილი ცდილობს ჩაკლას ეს მუხტი და მანამდე მომკლას მე, რომ ციხიდან არ გამოვიდე. მერე ვერავინ გამაწყვეტინებს, როდესაც ვიდგები არა რამდენიმე ათეული მეგობრის, არამედ ერთ ადგილზე შეკრებილი ორასი ათასი ქართველის წინაშე“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.