ანტონიო გუტერეში: თუ თითოეული ადამიანის ვაქცინაციას ვერ შევძლებთ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც საზღვრებს მიღმა გავრცელდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკას გააჩერებს

თუ თითოეული ადამიანის ვაქცინაციას ვერ შევძლებთ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც საზღვრებს მიღმა გავრცელდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკას გააჩერებს, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„პანდემიას თანასწორობითა და სამართლიანობით უნდა დავუპირისპირდეთ. გასული წლის შემოდგომაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სტრატეგია გამოაქვეყნა, რომ თითოეულ ქვეყანაში წლის ბოლომდე მოსახლეობის 40% უნდა აეცრათ, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ნახევრისთვის – 70%. ახლოსაც არ ვართ ამ მაჩვენებლებთან. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებლები შვიდჯერ მეტია, ვიდრე აფრიკის ქვეყნებში. ჩვენ გვჭირდება ვაქცინის თანასწორობა. ყველა ქვეყანამ და ყველა მწარმოებელმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ვაქცინის მიწოდებას COVAX-ისთვის და მხარი დაუჭიროს ტესტების, ვაქცინებისა და სამკურნალო საშუალებების ადგილობრივ წარმოებას“, – აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.