მიხეილ სააკაშვილი – მოვუწოდებ ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მასალები, ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  მორიგ მიმართვბას ავრცელებს, რომელიც  „ფეისბუქში“ მის პირად გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართავს და გლდანის ციხეში მისი გადაყვანის მასალების გავრცელებას სთხოვს.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს.

„მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო. იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს.

ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას, რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა“, – აცხადებს სააკაშვილი.