ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია, დიახ, ვარ ქართველი, მთელი კარიერის განმავლობაში ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ – ნონა გაფრინდაშვილი

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მიმართვას ავრცელებს კალიფორნიის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

„ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, დებიუტი მოგებულია. ზოგადად, ცხოვრებაში და ასევე სპორტში გამარჯვების მისაღწევად რამდენიმე აუცილებელი პირობა არსებობს: რწმენა, ბრძოლის წყურვილი და ჟინი, პროფესიონალიზმი და აუცილებელი კვალიფიკაცია, გულშემატკივრები და სიმართლე.

მე ვიცავ ჩემს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ.

გულშემატკივრების საოცარ მხარდაჭერას მთელი ცხოვრება ვგრძნობდი. პროფესიონალიზმი ამ შემთხვევაში აისახება ჩემი ქართველი და ამერიკელი ადვოკატების უძლიერეს გუნდში, რომლებმაც საოცარი სამუშაო გასწიეს.

მადლობა ამერიკულ სასამართლოს, რომელმაც ძალზედ კვალიფიციურად და სამართლიანად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამარჯვების წყურვილი და ბრძოლის ჟინი არასოდეს გამნელებია. ახლაც ღრმად მწამს, რომ ჩემს გუნდთან და ყველა ჩემს გულშემატკივართან ერთად მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე, რადგანაც სიმართლე ჩვენს მხარესაა და ეს მგონი მთელი სამყაროსთვის ცხადია დღეს.

დიახ, მე ვარ ნონა გაფრინდაშვილი, ვარ ქართველი. დიახ, მთელი კარიერის მანძილზე მე ვეთამაშებოდი მამაკაც მოჭადრაკეებს და ხშირად ვამარცხებდი მათ, ამიტომაც მერგო პატივი, გავმხდარიყავი პირველი ქალი დიდოსტატი მამაკაცებს შორის.

უღრმეს მადლობას ვუხდი უამრავ ადამიანს საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ვინც მე მხარდაჭერა და თანადგომა გამომიცხადა.

ბრძოლა გრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე. პატივისცემით, ნონა გაფრინდაშვილი“, – აღნიშნულია მიმართვაში.

„ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოს პირველი შუალედური გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. კალიფორნიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქმის მოსამართლე ვირჯინია ა. ფილიპსმა შუალედური გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების მოსმენის გარეშე მიიღო.

ნონა გაფრინდაშვილმა „ნეტფლიქსს“ გასული წლის სექტემბერში უჩივლა. საქმე ეხება „ნეტფლიქსის“ მინისერიალ „​ლაზიერის გამბიტს“. როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, „ნეტფლიქსის“​ სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილს მამაკაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, რაც სიცრუეს წარმოადგენს. სარჩელში ნათქვამია, რომ „ლაზიერის გამბიტში“ აღწერილი ეპიზოდი 1968 წელს განვითარებულ მოვლენებს აღწერს, რა დროსაც გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები 50-ზე მეტ მამაკაც მოჭადრაკესთან.