ბადრი ჯაფარიძე – შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაშია, მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს – ვნახოთ, სად არის გადაკვეთის წერტილები

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით მხარეები შეჯერდნენ, რომ წარმოადგენენ თავიანთ ხედვას პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაში მწვავედ დგას.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, „ლელოს“ სასამართლო რეფორმის საკითხზე გააჩნია არა მხოლოდ ხედვა, არამედ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებებიც აქვს ინიცირებული.

„შევჯერდით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას პრობლემებზე, რომელიც სასამართლო სისტემაშია, მმართველმა გუნდმა საკუთარი ხედვა უნდა წარმოადგინოს – ვნახოთ, სად არის გადაკვეთის წერტილები. ჩვენ წარვადგენთ არა მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს, არამედ დასაბუთებულ არგუმენტებს სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. სასამართლო რეფორმა, რომელსაც ჩვენი მეგობრები ითხოვენ, არის გასაღები იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით. შარშან, ქვეყანამ 300 მილიონი ლარი დაკარგა იმის გამო, რომ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდა, რისი პასუხისმგებლობაც „ქართულ ოცნებას” ჰქონდა აღებული. თითოეული ჩვენთაგანი გაცილებით მეტს დავკარგავთ, თუ ის სასამართლო რეფორმები არ გატარდება, რასაც ჩვენგან დასავლელი პარტნიორები ელიან“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სამუშაო კაბინეტში საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სასამართლო რეფორმაზე შეხვედრა გაიმართა.