ამაზრზენია, რომ  ამ  სიმახინჯემ ასეთი გავრცელება მოიპოვა – გრიგოლ ვაშაძე ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერებზე

ამაზრზენია, რომ  ამ  სიმახინჯემ ასეთი გავრცელება მოიპოვა – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია ,,იმედის” მიერ გავრცელებული ჩანაწერები.

მან ასევე შეაფასა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს სჭირდება სასწრაფო დახმარება.

,,რადიკალური განსხვავებაა პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, როცა პირველად შევედი და ახლა. ეტყობა უკვე, რომ აქვს ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები. ამას სჭირდება სასწრაფო მიხედვა, ექიმების შესვლა, სპეციალური აპარატურა. კიდევ ვაპირებ შესვლას ციხეში და იმედი მაქვს, რომ მანამდე ხელისუფლება მიიღებს შესაბამის ზომებს, რომ მდგომარეობა არ გართულდეს.

ჩვენი საუბრის ლომის წილი ეს იყო საგარეო პოლიტიკა და ვისაუბრეთ ასევე, იმაზე თუ სად არის საქართველო და რა მდგომარეობაში ვართ. ტელეკომპანია ,,იმედის” მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე არ გვისაუბრია. ნურასდროს მსგავს ჩანაწერებზე მე ნუ შემეკითხებით, რადგან ამაზრზენია, რომ  ამ  სიმახინჯემ ასეთი გავრცელება მოიპოვა. ვემსგავსებით ყველაზე მახინჯ ავტოკრატიულ რეჟიმებს” – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „ქრონიკამ“ გაავრცელა მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.