ერთადერთი დეპუტატი ვარ მსოფლიოში, რომელსაც არცერთი ცენტი არ ამიღია – შალვა ნათელაშვილი

ერთადერთი დეპუტატი ვარ მსოფლიოში, რომელსაც არცერთი ცენტი არ ამიღია – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, შალვა ნათელაშვილმა, „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტას სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას, რადგან მისი პარტიაა ერთადერთი, რომელიც ივანიშვილის ჰარმონიას არღვევს.

„ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კომიტეტმა კი არ დაუჭირა მხარი, არამედ ბიძინა ივანიშვილმა. მისი იდეაფიქსია, რომ ლეიბორისტული პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე არ არსებობდეს. რადგანაც ჩვენ ვარღვევთ იდეალურ ჰარმონიას ქვეყნის უსამართლო სისტემაში, რომელიც ქვეყანაში დაამყარა ოლიგარქმა, სადაც ბატონობს ფული, ბატონობს ძალა, ბატონობს რეპრესია. ბატონობს მოგება მოსახლეობის 3%-სთვის, ხოლო 97%-ს არაფერი არ უნდა გააჩნდეს, გარდა ქვეყნიდან გაქცევისა, უმუშევრობის, უპენსიობის… ერთადერთი ამ წყობაში დისონანსი შეგვაქვს ჩვენ, ლეიბორისტულ პარტიას. ვერავინ ვერ წამოგვაძახებს, რომ ფული მოვიპარეთ, მსხვილი ოლიგარქია გვაფინანსებს, სპეცსამსახურის მიერ შექმნილი პარტია ვართ, როგორც ელისაშვილი და იოსელიანი, რომ დარბიან, ვითომ ოპოზიციონერები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ პარლამენტში ხელფასს არ იღებს.

„ერთადერთი დეპუტატი ვარ მსოფლიოში, რომელსაც არცერთი ცენტი არ ამიღია, მეტი რით დაგიმტკიცოთ, რომ მე აქ ქვეყნისგან არაფერი არ მინდა, გარდა ამ ქვეყნის და ამ ხალხის ბედნიერებისა.

სუსის ორ აგენტს, ელისაშვილს და იოსელიანს რომ დაუთვლია, თითქოს 5 მილიონი წავიღე სახლში, ეს არის ბოლო 30 წელში დამლაგებლებისთვის გაცემული ხელფასი, წყალზე, შუქზე, გაზზე ოფისისთვის გადახდილი გადასახადი, ყარაულის ხელფასი, ეს არის აპარატის ხელფასი და დაწერეს, რომ ყველაფერი მე წავიღე. ვერაფერი გამოიგონეს გარდა ხელფასის და სახლის, სადაც გავიზარდე. ჩემი ხელფასი პარლამენტის აპარატში აქვთ და ჭამენ. 80 მილიონის ჯიპები იყიდეს, დაასეირნებენ სიდედრებს, სიმამრებს, მეგობრებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.