გიორგი ბარამიძე – არც პარტია და არც არავინ ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას არ აპირებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას არ აპირებს და პარტიის შიგნით არც დაპირისპირებაა.

მისივე თქმით, პარტიაში განსხვავებული აზრი ყოველთვის არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიაღწიონ უკეთესად მიზანს.

„ნამდვილად არ აპირებს პარტია ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენებას და არც არავინ. აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი არის მცდელობა სახელისუფლო მედიისა, რომ რაღაცნაირად წარმოაჩინოს, თითქოს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი დაპირისპირებაა, რომელიც არ არის ნორმალური შიდა მსჯელობის ფარგლებში. გუშინაც ვისაუბრე იმაზე, რაც არაერთხელ მითქვამს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო განსხვავებული აზრი და კამათი, არის და იქნება მომავალში. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო სხვადასხვა აზრის, სხვადასხვა შეხედულების მქონე ადამიანების ერთობა, რომელსაც აერთიანებს ის იდეა, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა ჩვენი პარტია. ეს არის ძლიერი, დემოკრატიული, ქართული, მაშასადამე, ევროპული, განვითარებული, ერთიანი ქართული სახელმწიფო. ეს არის იდეა, რომლის გარშემო ვართ ჩვენ, ყველანი შემოკრებილი და ადრეც ვკამათობდით, დღესაც ვკამათობთ და მომავალშიც ვიკამათებთ, უკეთესად როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს.

დღეს მთავარი ამოცანა არის არა დიდი კონფლიქტების გაღვივება, არამედ პირიქით, კონსოლიდაცია, შეკავშირება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს საზოგადოების სამსახურში უფრო აქტიურად ჩაყენებასთან დაკავშირებით, რაც პირველყოვლისა გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ასევე ყველა იმ ამოცანის რეალიზაციას, რომელიც აქვს დასახული ჩვენს პარტიას ნიკას ხელმძღვანელობით და სხვა ლიდერების ხელმძღვანელობით, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაში“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.