იაგო ხვიჩია – სოსო ჯაჭვლიანს კამერებს ჩვეულებრივი ადამიანები არ დაუყენებდნენ – როცა გამოძიების დამწყები კამერებს გიყენებს, რა შინაარსი აქვს გამოძიების დაწყებას?

სოსო ჯაჭვლიანს კამერებს ჩვეულებრივი ადამიანები არ დაუყენებდნენ, იმ ადამიანების დაყენებულია, ვინც გამოძიება უნდა დაიწყოს – ასეთ რეალობაში, როცა გამოძიების დამწყები კამერებს გიყენებს, რა შინაარსი აქვს გამოძიების დაწყებას? – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსმენების და ფარული მიყურადების საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება აუცილებელია.

“ჩემი აზრით, საზოგადოებრივი დისკუსიაა უფრო დასაწყები, მეტი უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, თორემ, იმის, რომ დღეს გამოიძიებენ და ვინმეს დაიჭერენ, ამის ნაკლებად მჯერა. ჩვენ გვინდა იმის გააზრება, თუ როგორ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა და ამ ქვეყნისკენ სწრაფვა გვჭირდება. დღეს ყველას გვესმის, რომ გვისმენენ, უბრალო ადამიანებს კი არა, აგერ საკუთარ თანაგუნდელებს უსმენენ, ეს არის საბჭოური მმართველობის სტილი. სანამ ამ ქვეყანაში სასამართლო არ იქნება, ყოველთვის მოუსმენენ და გადაიღებენ. ამას ცუდი შედეგები მოჰყვება სამომავლოდაც, როცა ხელისუფლება შეიცვლება, გაირკვევა ვინ ვის უღებდა და გადაღებულები გადამღებებს დაერევიან. ეს კონფლიქტი არ არის მარტივად დამთავრებადი, ამაზე უნდა ფიქრობდეს ის ხალხი, ვინც ამაში მონაწილეობს,”- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, 2015 წელს მან და ლუკა კურტანიძემ მის სახლში, საძინებლებში სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს. როგორც მან „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, აღნიშნულის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენეს თავდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.