ფრიდონ ინჯია პრემიერ-მინისტრს მიმართავს, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან

პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ხელისუფლებას მიმართავს.

ფრიდონ ინჯია პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან.

„დღეს მსოფლიოში, მათ შორის ჩვენს რეგიონში და საქართველოში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესები.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები, რაც გლობალური უსაფრთხოების გარანტიებს უკავშირდება, პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტალურ ინტერესებზე და მის უსაფრთხოებაზე.

გლობალური უსაფრთხოების სისტემის ახალი რეალობიდან გამომდინარე, რომელიც ყოველწუთიერად იცვლება, საქართველოს ეძლევა უნიკალური შანსი, დაიცვას თავისი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები, იმ გამოწვევებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის წინაშე დგას ბოლო 30 წლის განმავლობაში, გვაქვს მხედველობაში ის, რომ ხელისუფლებამ, შუამავლის გარეშე, იმოქმედოს პირდაპირი დიალოგის ფორმატში, რასაც დღეს ალტერნატივა არ აქვს.

ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ჩვენზე უკეთესად ვერავინ ვერ დაიცავს. როგორც ამას აკეთებს თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი ყველა ქვეყანა. კერძოდ, ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, არგენტინა, შვედეთი, ფინეთი, ჩინეთი და სხვა.

ცნობილია, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არ მიუძღვის არანაირი ბრალი იმ რთული პოლიტიკური ვითარების შექმნაში, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა 21-ე საუკუნეში.

ასევე, მიგვაჩნია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალუძს, დაიცვას ქვეყნის ინტერესები ყველა დონეზე და ყველანაირ ფორმატში, მიუხედავად არსებული უმძიმესი ზეწოლისა, რაც დღეს სახეზეა და ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ ილახება ჩვენი ქვეყნის სუვერენული ინტერესები.

ამ უნიკალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც საქართველოს მომავალში შეიძლება, არ მიეცეს და ამ შანსის არგამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გამოუსწორებელი შეცდომა, ღალატის ტოლფასი. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი შეცდომები და ღალატი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, საკმაოდ ბევრი იყო ჩვენს ქვეყანაში და ძვირად დაგვიჯდა.

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პირადად მან, შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსეთის ფედერაციასთან, როგორც ამას ახორციელებენ მსოფლიოსა და ევროპის მთელი რიგი ქვეყნების ლიდერები. იმავეს მოვუწოდებთ უკრაინის პრეზიდენტს.

ვფიქრობთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი თავისი დიპლომატიური ქმედებით, რაც მათ გამოიჩინეს აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის დროს და ჩვეული პრინციპულობით, პირდაპირი დიალოგის გზით, შეძლებს ამ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის ოპტიმალური გზების მოძიებას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხოლო ქართველი ხალხი ამ განსაცდელის ჟამს გაერთიანდება და გვერდში დაუდგება პრემიერ-მინისტრს ამ ურთულესი მისიის შესრულებაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მისიის განხორციელებაში.

დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას მიესალმება“, – ნათქვამია ფრიდონ ინჯიას განცხადებაში.