ივანე ჩხაიძე: თუ მომდევნო სამშაბათს ახალი შემთხვევების რაოდენობა 26 200-ზე ნაკლები იქნება, მეტად დაჯერებით შევძლებთ ვთქვათ, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს ტალღა დასრულდება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის თქმით, პროგნოზის გაკეთებისას სპეციალისტები იმ ევროპული ქვეყნების გამოცდილებით ხელმძღვანელობენ, სადაც „ომიკრონი“ საქართველოზე ადრე გავრცელდა.

ეს მაგალითები აჩვენებს, რომ ტალღის დაწყებიდან პიკის მიღწევამდე 4-6-კვირიანი პერიოდი გადის.

ჩხაიძის თქმით, ამ პროგნოზებით, საქართველოში „ომიკრონის“ გავრცელების პიკური მაჩვენებელი 4-10 თებერვალს უნდა დაფიქსირებულიყო.

„თუ გადავხედავთ დღევანდელ სტატისტიკას, 2 თებერვალს, საქართველოში შემთხვევების მატებიდან ზუსტად 4 კვირის შემდეგ, დაფიქსირდა დღეისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 26 200 შემთხვევა და დღეისათვის ეს რჩება პიკურ მაჩვენებელს. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ სწორედ 2 თებერვალს დაფიქსირებული მაჩვენებელი იყოს მეექვსე ტალღის პიკი საქართველოში და როგორც ახლა, 2 თებერვლიდან დღემდე შემთხვევები თანდათან მცირდება, ეს ტენდენცია გაგრძელდეს მომდევნო დღეების განმავლობაში. თუმცა, მაინც ვიტოვებთ გარკვეულ პერიოდს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ ამ 4-6-კვირიანი პიკის მიღწევის ხანგრძლივობა და თუ მომდევნო კვირაში, კერძოდ სამშაბათს, ახალი შემთხვევების რაოდენობა 26 200-ზე ნაკლები იქნება, მაშინ უფრო მეტად დაჯერებით შევძლებთ ვთქვათ, რომ საქართველოში მეექვსე ტალღის დაღმავალი პერიოდი დაიწყო და გვექნება მოლოდინი, რომ თებერვლის ბოლოსთვის ეს ტალღა დასრულდება“, – განაცხადა ჩხაიძემ.