Reuters – ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის 4-მეტრიანი დისტანციის დაცვა საჭირო გახდა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრამდე კორონავირუსზე ტესტის ჩატარებაზე უარი თქვა

ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრის დროს ოთხმეტრიანი დისტანციის დაცვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უარი თქვა კრემლის მოთხოვნაზე და პუტინთან შეხვედრამდე კორონავირუსზე პისიარ-ტესტირება არ ჩაიტარა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა პისიარ-კვლევაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ არ სურდა, მისი დნმ-ის მონაცემებზე რუსეთს ჰქონოდა წვდომა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ტესტზე უარის თქმა ნიშნავდა შეხვედრას ხელის ჩამორთმევის გარეშე და გრძელ მაგიდას, მაგრამ ვერ დავუშვებდით, რომ მათ წვდომა ჰქონოდათ პრეზიდენტის დნმ-ის მონაცემებზე“, – განუცხადა წყარომ „როიტერს“.

არსებული ინფორმაციით, მაკრონმა „პისიარ“ ტესტი საფრანგეთში, რუსეთში გამგზავრებამდე გაიკეთა, მისმა ექიმმა კი რუსეთში ანტიგენის ტესტი ჩაუტარა.

Reuters-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კრემლის პრესსამსახურს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.