განათლების სამინისტრო – ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა

საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი კვლავ შერეულ ფორმატში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან სრულად დისტანციურ სწავლებაზე 732 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 135-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

„როგორც მოგეხსენებათ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.

ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 6,5%-ს და მოსწავლეების 2,5%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.

გრძელდება მასწავლებელთა და ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება. ორჯერადად აცრილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით.

როგორც ცნობილია, 400-ზე მეტ საჯარო და კერძო სკოლაში თანამშრომლებისთვის კოვიდტესტირებას სპეციალურად გადამზადებული სკოლის ექიმები ატარებენ. იმ სკოლებში კი, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი კვლავ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გრძელდება.

მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან გრძელდება სკოლების მონიტორინგი“,- აღნიშნავენ უწყებაში.