მთავრობა 1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას იწყებს

ესაა ინიციატივა, რომელიც შეეხება საზოგადოებრივი სამუშაოების შექმნას საქართველოში და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა  – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, პირველი მარტიდან დაიწყება სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიური პოლიტიკა.

„მინდა მოსახლეობას განვუმარტო, რას გულისხმობს ეს ინიციატივა: ჩვენი მთავარი ამოცანა სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნაა. კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებამდე ახალი სამუშაო ადგილების შექმნამდე გადის, ამიტომ ჩვენ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. არსებული სოციალური პოლიტიკა, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უნდა ითქვას, რომ უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 000-მდე მეტი შრომისუნარიანია. ისინი აბსოლუტურად დემოტივირებულები არიან რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ რა თქმა უნდა სოციალურ დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს შშმ პირებს, ყველას ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ, შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება. ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ პირველი მარტიდან და ვიწყებთ სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.