გერმანიის კანცლერი: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას

უკრაინაში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ახლა დღის წესრიგში არ დგას.

„ახლა ძალიან სერიოზული გამოწვევა უნდა გადავლახოთ. ეს უკრაინის საზღვართან საფრთხის შემცველი ვითარებაა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსების თავისუფლად არჩევის პრინციპი განხილვის საგანი ვერ იქნება.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოსტრატეგიულ შედეგებს გამოიწვევს.

„ეს ის ამოცანაა, რომელიც ამჟამად გვაქვს. რაც შეეხება უკრაინის ნატოში წევრობას, ამ ეტაპზე ეს საკითხი აქტუალური არ არის. ამიტომაც ცოტა უცნაურია, რომ რუსეთის მთავრობამ ეს საკითხი დიდი პოლიტიკური დისკუსიების საგნად აქცია.

უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია რუსეთისთვის სერიოზულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოსტრატეგიულ შედეგებს გამოიწვევს. ამას ხვალ მოსკოვში აღვნიშნავ. მადლობელი ვართ უკრაინის მთავრობის გონივრული და თავშეკავებული რეაგირებით ამ ძალიან რთულ და საშიშ სიტუაციაში“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.