უკრაინის გარეშე შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების ჩამოყალიბება – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშრებით გარკვეული უთანხმოებებია – ვლადიმერ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ახლოს რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერება ევროპისთვის უპრეცედენტო გამოწვევას წარმოადგენს. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან პრესკონფერენციის დროს თქვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურად, თავდაცვის სფეროში. ყოველთვის ვიმეორებდი, რომ უკრაინის გარეშე შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების ჩამოყალიბება. უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა და მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიპოვოთ გზები“ , – განაცხადა მან.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის საკითხთან დაკავშრებით, გერმანიას და უკრაინას  გარკვეული უთანხმოება აქვთ.

„დეტალურად განვიხილეთ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რისკები და შეფასებით ნაწილში გვაქვს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, უთანხმოება. მე აღვნიშნე, ჩვენი პოზიცია უცვლელია.

ჩვენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს განვიხილავთ ენერგეტიკულ და ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისთვის უსაფრთხოების კუთხით საფრთხის შემცველ ჭრილში. ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს გეოპოლიტიკური იარაღია“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.

დღეს კიევში, მარიინსკის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. უკვე ხვალ, 15 თებერვალს, გერმანიის კანცლერი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.