ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი გსურთ – ჯო ბაიდენმა რუსეთის მოქალაქეებს მიმართა

ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არ სჯერა, რომ რუს ხალხს უკრაინასთან ომი სურს.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. აშშ-ს და ნატო-ს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და არც გვაქვს გეგმაში მათი იქ განთავსება. ჩვენ არ გვყავს სამიზნეში ამოღებული რუსი ხალხი. ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას. რუსეთის მოქალაქეებს მივმართავ: ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი გსურთ“, – განაცხადა ბაიდენმა.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს, თუ რუსეთი დაარტყამს უკრაინას, ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას.

„ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთი და უკრაინა, ეს ეხება იმის დაცვას, რისიც გვჯერა. ეს ეხება მომავალს, რომელიც გვინდა მსოფლიოსთვის, ეს ეხება ქვეყნების უფლებას, განსაზღვრონ საკუთარი ბედი, პრინციპებს რომ ქვეყანამ არ შეიძლება მეზობლის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს. ეს ჩვენი ხედვაა და მჯერა, ეს ხედვა და თავისუფლება გაიმარჯვებს. რუსეთი თუ დაარტყამს უკრაინას, ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას. მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სიკვდილი და დესტრუქცია, ამერიკის და პარტნიორების პასუხი იქნება გადამწყვეტი. დღეს დასავლეთი არის ერთიანი, ნატო და მოკავშირეები არიან ერთიანი, როგორც არასდროს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.