შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ოთხშაბათს უკრაინაზე თავდასხმა არ მოხდება – ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს – ევროკავშირში რუსეთის ელჩი

ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ რუსეთი დღეს უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას არ გეგმავს – ამის შესახებ ელჩმა გერმანულ ტელეარხ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ამ ოთხშაბათს თავდასხმა არ იქნება. არანაირი ესკალაცია არ არის დაგეგმილი მომავალ კვირაში, ან ერთი კვირის შემდეგ, ან მომავალ თვეში”, – თქვა ელჩმა და დასძინა: ევროპაში ომები იშვიათად იწყება ოთხშაბათს.

რუსეთის უკრაინაში სავარაუდო შეჭრის შესახებ განცხადებების კომენტირებისას რუსმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

„როდესაც თქვენ აცხადებთ ასეთ პრეტენზიებს – ძალიან სერიოზულ პრეტენზიებს რუსეთის წინააღმდეგ – ისინი მტკიცებულებებით უნდა გაამყაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სხვა არაფერია, თუ არა ცილისწამება“, – განაცხადა ჩიჟოვმა.